სააკაშვილი: დროა შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აცხადებს, რომ სტარსბურგის სასამართლოში მისი მმართველობის დროს ბევრი საჩივარი იწერებოდა არა იმიტომ, რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა, არამედ იმიტომ, რომ ის ორგანიზებულ დანაშაულს დაუპირისპირდა.
სააკაშვილი პარალელს ავლებს სიცილიაში მაფიის წინააღმდეგ ბრძოლასთან და აცხადებს, რომ პალერმოს მაშინდელი მერი და ამჟამად ევროპარლამენტარი ლეოლუკა ორლანდო, მისი შთაგონების წყარო იყო, როცა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო, შესაბამისად, მიაჩნია, რომ დროა, „უაზრო ბლუყუნი“ შეწყდეს „ნაცმოძრაობის“ შეცდომებსა თუ გადაცდომებზე. ამასთან, ყოფილი პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძეს აკრიტიკებს, მას ივანიშვილის მოსამართლეს უწოდებს და აცხადებს, რომ შევარდნაძის დროს გოცირიძე ჩართული იყო კორუფციასა და ნეპოტიზმში.
„ბათუმში, „საკონსტიტუციო სასამართლოში“, ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთ არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჩემს დროს ბევრი საჩივარი იყო სტრასბურგში.
იცით, ისტორიულად, როდის და საიდან იყო ყველაზე მეტი საჩივარი სტრასბურგში? - ეს იყო მაშინ, როცა სიციალიაში დაიწყეს ნამდვილი ბრძოლა მაფიასთან, რომელსაც სათავეში ედგნენ გენერალი დელლა კიეზა, ბორსელინო და ფალკონე და ასევე ჩემი ძველი მეგობარი, რომელიც მუდმივად მწერს წერილებს ახლაც ციხეში, პალერმოს მაშინდელი მერი, ლეოლუკა ორლანდო.
სწორედ ლეოლუკა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის ოპოზიციაში როცა ვიყავი, არაერთხელ ჩამოსულა თბილისში, ჩემს მხარდასაჭერად, შეხვედრებზე დამყვებოდა ვაკის რაიონში.
ის იყო ჩემი შთაგონების წყარო, როდესაც დავუპირისპირდით ორგანიზებულ დანაშაულს საქართველოში. ორლანდო მიყვებოდა, რომ მაფიოზებს ჰყავდათ საუკეთესო ადვოკატები და ისინი წარმოუდგენელი რაოდენობით საჩივრებს წერდნენ ყველა ინსტანციაში. მიუხედავად ამისა, სიცილიური მაფია მაშინ დამარცხდა, თუმცა ამ ბრძოლას შეეწირნენ ფალკონე და ბორსელინო, ხოლო ორლანდო გადარჩა და ახლა ევროპარლამენტის დეპუტატია.
ხოდა დროა შეწყდეს უაზრო ბლუყუნი „შეცდომებზე“ და „გადაცდომებზე“. ჩვენი ღონისძიებების შედეგად ხალხს წყნარად ეძინა სახლში, არ ეშინოდათ ბავშვების ქუჩაში გაშვება და მანქანებს არ კეტავდნენ.
რაც შეეხება ევა გოცირიძეს, ის შევარდნაძის დროს იყო იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელიც ჩართული იყო კორუფციაში და ნეპოტიზმში და ბუნებრივია ის ახლა ივანიშვილის მოსამართლეა.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ აღარ იწერება ახლა საჩივრები სტრასბურგში ციხეებიდან, ამაზეც არსებობს ძალიან მარტივი პასუხი. ჩემს დროს ქურდები და მაყურებლები ციხეებს ვერ აკონტროლებდნენ. ახლა თვითონ ქოცებმაც აღიარეს, რომ ციხეს ისევ ძველებურად აკონტროლებენ ორგანიზებული კრიმინალები. მათ მიერ სტრასბურგში სარჩელების დაწერა უმკაცრესად ისჯება.
რატომღაც ყველამ უცებ მიივიწყა ის ორი პატიმარი, რომელიც საკანში მოკლეს კრიმინალებმა და ორივე „თვითმკვლელობად“ გააფორმა ადმინისტრაციამ - ერთი ორსართულიანი საწოლიდან გადმოვარდაო და მეორემ „ტუალეტში თავი ჩამოიხრჩოო“ და ვითომ არაფერი.
მინდა გაგახსენოთ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ციხეში კრიმინალები ხმამაღლა სკანდირებდნენ „ბიძო მოვიდა, ჩვენი დრო დაბრუნდა“.
ასევე მინდა დავწერო, რომ უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის გამოსვლები ბათუმში კარგია და რა თქმა უნდა, მაღალი აზრის ვარ უერთგულეს ლევან ბეჟაშვილზე და ანი წითლიძეზე, მათ მთელი რიგი სწორი მიგნებები ჰქონდათ და საერთოდ კარგად უჭირავთ თავი, მაგრამ ვინაიდან პროცესი ჩემს მმართველობას ეხება, მეც მაქვს ჩემი მყარი შეხედულებები და ვერავინ ამიკრძალავს მათ გამოხატვას," - წერს მიხეილ სააკაშვილი.



