ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა
მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, ოპოზიციამ ხალხის მიერ მიცემული მანდატები დახია, რაც მათი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო. მისივე განმარტებით, ოპოზიცია აგრძელებდა ქვეყნის საბოტაჟს და ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში საქართველოს დასანქცირებას იხვეწებოდა.
„ფაქტობრივად, ისინი გამარგინალებული, განულებული არიან. მათი არაერთი განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან. ისინი უცხოეთში სიარულით იღებენ დავალებებს. რაიმე საკითხზე განცხადება როცა აქვთ გასაკეთებელი, ჯერ ელჩთან მიდიან და ეკითხებიან, რა დავალება წამოვიდა იმ ელჩის ქვეყნიდან და ამის მიხედვით ავრცელებენ თავიანთ მესიჯბოქსს საზოგადოებაში. სწორედ ამან გამოიწვია, რომ მათი რეიტინგი ნულთან ძალიან ახლოსაა. მათივე ამომრჩეველი დარწმუნდა, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.