შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის საბაკალავრო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის ახალი საბაკალავრო პროგრამის – „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი. მათ ყურადღება გაამახვილეს საპოლიციო განათლების განვითარების მნიშვნელობაზე, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვაზე.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიის რექტორმა გიორგი სახოკიამ, დამსწრე საზოგადოებას პრეზენტაციის სახით წარუდგინა ახალი საბაკალავრო პროგრამის კონცეფცია, სწავლების ძირითადი მიმართულებები, მიღების პირობები და სტუდენტებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები. საქართველოში პირველად შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უშუალოდ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმიანობის მიმართულებაზეა ორიენტირებული. სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდა და აკადემიურ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ მომზადებასაც ითვალისწინებს.

ღონისძიებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სწავლის სრულ დაფინანსებაზე, სტუდენტებისთვის შექმნილ თანამედროვე სასწავლო გარემოზე, პრაქტიკული მომზადების შესაძლებლობებსა და კურსდამთავრებულთა კარიერული განვითარების პერსპექტივებზე. ახალი საბაკალავრო პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საპოლიციო განათლების განვითარების, პროფესიონალი კადრების მომზადებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სფეროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბების მიმართულებით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.