დავით ჭელიძემ მოსახლეობას გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, დავით ჭელიძემ, მოსახლეობას 2025-2026 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
დავით ჭელიძემ ნაძალადევის რაიონში მიმდინარე და შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მოსახლეობას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, კაპიტალური და ფრაგმენტული საგზაო სამუშაოები სამაჟორიტარო ოლქში 34 მისამართზე შესრულდა. დავით ჭელიძემ რაიონში შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტებიდან ლაითურის, წიკლაურის, ინტერნატის, ელო ანდრონიკაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები გამოყო. აღნიშნულ მისამართებზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები. ამას გარდა, დავით ჭელიძის განცხადებით, 4 მისამართზე განხორციელდა გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
როგორც ნაძალადევის რაიონის დეპუტატმა განაცხადა, მის სამაჟორიტარო ოლქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მისი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხუდადოვის სკვერის მოწყობა, სადაც განთავსდება საფეხბურთო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, მოეწყობა გრუნტის დამჭერი კედელი, რათა არსებული ფერდი გამაგრდეს და იყოს უსაფრთხო; ასევე დაირგვება ხე-მცენარეები, მოეწყობა სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. სკვერების მოწყობა მიმდინარეობს მეტრო ნაძალადევთან და კლდეკარის ქუჩაზეც.
ანგარიშის წარდგენისას ითქვა, რომ გარდა ზემოთ ნახსენები სამუშაოებისა, ნაძალადევის გამგეობამ რაიონში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა. მათ შორის 15 520 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა; ხერთვისის ქუჩაზე შემოიღობა გამწვანებული გზაგამყოფი ზოლი; დაიგო დეკორატიული ფილები; დაიდგა მოსასვენებელი სკამები და ურნები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხუდადოვის და მესხის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერსაც.
დავით ჭელიძემ ყურადღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამაზეც გაამახვილა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ჯამში 19 პროექტი განხორციელდა, მათ შორის, 6 საცხოვრებელ კორპუსში შეკეთდა სახურავები, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები და მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო ლიფტები. ამას გარდა, დეპუტატის თქმით, ურიდიას ქუჩაN32-ში განხორციელდა ე.წ. თბილისური სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები.
როგორც დავით ჭელიძემ მოსახლეობას განუცხადა, ნაძალადევის რაიონში მიმდინარეობს N43 საბავშვო ბაღის მშენებლობა. აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400-ზე მეტ აღსაზრდელს მოემსახურება. რაც შეეხება სკოლებს, სრულად რეაბილიტირდა 112-ე საჯარო სკოლა, მე-8, 129-ე და 190-ე სკოლებში კი გარე პერიმეტრის დამცავი კედლების დემონტაჟი განხორციელდა და ამჟამად მათი მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მაჟორიტარის აქტიური ჩართულობით, ინტერნატის ქუჩას და ინტერნატის შესახვევს შეეცვალა სახელწოდება და მას აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, ბადრი ბერუაშვილის, სახელი ეწოდა.
საანგარიშო პერიოდში მაჟორიტარის წარმომადგენლობაში სულ 122 განცხადება შევიდა, რომლებიც ფინანსურ დახმარებას, ოპერაციის, მკურნალობის, რეაბილიტაციის და მედიკამენტის დაფინანსებას, აგრეთვე საშენი მასალის გამოყოფას ეხებოდა. დავით ჭელიძემ განაცხადა, რომ უმეტესი მათგანი დაკმაყოფილდა.
მაჟორიტარის წარმომადგენლობა მჭიდროდ თანამშრომლობს ნაძალადევის რაიონის გამგეობასა და ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, რასაც დადებითი შედეგი მოაქვს მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაში.
დავით ჭელიძემ მოსახლეობას საკრებულოს, კომისიების და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მუშაობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
თბილისის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარ დავით ჭელიძის ანგარიშის წარდგენა ნაძალადევის რაიონის გამგეობაში გაიმართა.