პიტ ჰეგსეტი: აშშ-ს უკრაინის მიმართ პოლიტიკა არ შეუცვლია
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უარყო ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა უკრაინის მიმართ პოლიტიკა შეცვალა.
მისი განცხადებით, პენტაგონს არ გაუცია დირექტივა სატელიტური კომუნიკაციების სერვისების შეზღუდვის შესახებ, ხოლო უწყება ცდილობს უზრუნველყოს, რომ ამერიკულ სამხედრო ძალებს Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საკმარისი რაოდენობის რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები ჰქონდეთ.
„პრესაში ომის დეპარტამენტის შესახებ ბევრი ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება“, — განაცხადა ჰეგსეტმა ვისკონსინის შტატში ჟურნალისტებთან საუბრისას.
მას ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ პენტაგონი მოკავშირე ქვეყნებისგან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემას აყოვნებდა.
„ჩვენ უკრაინის მიმართ ჩვენი პოზიცია არანაირად არ შეგვიცვლია. თუმცა, ისეთ საკითხებში, როგორიცაა რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტები, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს სამხედროებს მათი მაქსიმალურად შესაძლო მარაგი ექნებათ“, - აღნიშნა ჰეგსეტმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არსებული ვითარების შესახებ იცის.
„ჩვენ არაფერი შეგვიზღუდავს. არსებობს მომსახურების პირობები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. საბოლოოდ, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა Starlink-ს აქვს“, - განაცხადა მან.