აზერბაიჯანელმა ინფლუენსერებმა აჭარაში იმოგზაურეს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს აზერბაიჯანელი ინფლუენსერები სტუმრობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძველ ბათუმს, ბულვარს, ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხესა და მთიან აჭარას. საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებენ და ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით უცხოელი ინფლუენსერები, ჟურნალისტები და ტუროპერატორები რეგიონს ასევე სტუმრობდნენ პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და მოლდოვიდან. გარდა მედია-ინფო ტურების ორგანიზებისა, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ასევე აგრძელებს რეგიონის წარმოჩენას სხვადასხვა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. მიმდინარე წელს, აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. მათ შორისაა იაპონიის, დუბაის, ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, ჩინეთის, ფრანკფურტის, ინდოეთის, ყაზახეთის, უნგრეთისა და ისრაელის გამოფენები.