მოსამართლე რევაზ ნადარაია: პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების თაობაზე პენიტენციური სამსახურიდან. ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს
პატიმრობაში მყოფს მიხეილ სააკაშვილსა და ლევან ხაბეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში არ დაიბარებენ, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ რევაზ ნადარაიამ საკონსტიტუციო სხდომაზე განაცხადა, სადაც ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელს განიხილავენ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ, როდესაც დააყენა სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების საკითხი, ვერ დაასაბუთა, რითი დაეხმარებიან ისინი მხარეს პოზიციის დასაბუთებაში.
„პლენუმმა ადგილზე თათბირით იმსჯელა მოწმის სახით მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის დაბარების თაობაზე პენიტენციური სამსახურიდან. ერთხმად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან შუამდგომლობის დამყენებელმა მხარემ ვერ დაასაბუთა, კონკრეტულად რა გარემოებებს დაადასტურებენ მოწმეები მათი სასამართლოში წარმოდგენის შემთხვევაში. ის, რომ მათ უბრალოდ შემხებლობა აქვთ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ვერ გახდება [დაბარების] საფუძველი. მიუხედავად ჩაკითხვისა, ვერ მივიღე კონკრეტული პასუხი, რა გარემოებებს დაადასტურებს, რაც მხარეს დაეხმარება მისი პოზიციის დადასტურებაში. შუამდგომლობა არის დაუსაბუთებელი და სასამართლოს მიერ ადგილზე მიღებული განჩინება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში“, - აღნიშნა მოსამართლემ.