გიორგი კახიანი: ოპოზიციური პარტიებისგან ჯერ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით, რომ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ

გიორგი კახიანი:  ოპოზიციური პარტიებისგან ჯერ მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით, რომ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი კახიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებით დღევანდელი პროცესი კვლავ შუამდგომლობების ეტაპით გაგრძელდება და „ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ შემდეგ, დღეს უკვე სხვა პარტიებს მიეცემათ შუამდგომლობების დაყენების შესაძლებლობა.

კახიანის თქმით, აქამდე დაყენებული შუამდგომლობები სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო.

„რაც შეეხება შუამდგომლობას მტკიცებულების ამოღების შესახებ, ამაზე უკვე მიიღო სასამართლომ გუშინ გადაწყვეტილება და უარი უთხრა. ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი დაიწყო და თავიდან პროცესი ეხებოდა აცილების საკითხებს, ახლა ვართ შუამდგომლობების ეტაპზე. ანუ, მხარეები, ამ შემთხვევაში მოპასუხეები აყენებენ მთელ რიგ შუამდგომლობებს. ვნახეთ, რომ ასეთი შუამდგომლობები ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, „ახლების“ პარტიას და შემდეგ დღეს უკვე სხვა პარტიებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, შუამდგომლობები დააყენონ. როდესაც ვაფასებ ამ შუამდგომლობებს, ის შუამდგომლობები, რომლებიც აქამდე დაყენდა, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღო. გარკვეულწილად, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ ამ შუამდგომლობების დაყენებას უფრო პროცესის დროში გაწელვის მიზანი აქვს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ შედეგზე გასვლა. თუ შევხედავთ, როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, ფაქტია, რომ ჯერჯერობით მათი მხრიდან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ. იყო შემთხვევა, როცა ერთ-ერთი მოპასუხე გააძევეს სხდომის დარბაზიდან. ვფიქრობ, სარჩელი იმდენად ძლიერია მტკიცებულებებით და იმდენად გამართულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რომ მათ რაიმე საწინააღმდეგო არგუმენტები ვერ ექნებათ. აქამდე ჩვენ არ მოგვისმენია მათი პოზიცია. იციან ჩვენს სარჩელში დასმული საკითხები და რას ვედავებით მათ. ბუნებრივია, ახსნა-განმარტებების ეტაპზე კიდევ მოხდება ამის დაზუსტება, თუ ვინმეს რაიმე კითხვები აქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ არ ვიცით მათი პოზიცია. მათ შეეძლოთ, შესაგებელი წარმოედგინათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. ამ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები აქვთ მათ სარჩელის საწინააღმდეგოდ, ამის შესახებ არ ვართ ინფორმირებული, თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ ასეთი მტკიცებულებები ალბათ ვერ ექნებათ, იმდენად მყარად არის სარჩელში მოყვანილი მათი საწინააღმდეგო მტკიცებულებები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა დღეს, 12:00 საათზე განახლდება.