ავსტრალიაში მიიღეს კანონი, რომელიც ადამიანებს საკუთარი ცხედრების კომპოსტად გარდაქმნის საშუალებას აძლევს

ავსტრალიაში მიიღეს კანონი, რომელიც ადამიანებს საკუთარი ცხედრების კომპოსტად გარდაქმნის საშუალებას აძლევს

ავსტრალიაში პირველად მიიღეს კანონი, რომელიც ადამიანის ცხედრის კომპოსტად გამოყენების უფლებას იძლევა. ამის შესახებ გამოცემა The Sydney Morning Herald იუწყება.

ოთხშაბათს სიდნეის დამოუკიდებელი პარლამენტარის, ალექს გრინვიჩის კანონპროექტი პარლამენტის პალატამ დაამტკიცა. კომპოსტირების პროცესს ოფიციალურად „ტერამაცია“ ეწოდება. ეს შედარებით ახალ მეთოდად ითვლება, რომელშიც კრემაციისა და დამარხვის ელემენტებია გამოყენებული. „ტერამაციისთვის“ გარდაცვლილის წინასწარი თანხმობა იქნება საჭირო.

პროცესი ასე გამოიყურება: სხეულს ათავსებენ ჭურჭელში, რომელიც სავსეა ორგანული მცენარეული მასალებით - მაგალითად, თივითა და ხის ნახერხით. ამის შემდეგ შიგნით ტემპერატურა რამდენიმე დღით იმატებს. ერთი თვის შემდეგ ნაშთები საკვებ ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგად გარდაიქმნება, რომელსაც პაკეტებში ან კონტეინერებში ანაწილებენ და გარდაცვლილის ოჯახს გადასცემენ.

„ჩვენ გვესმის, რომ ამ იდეით ყველაფერი აღფრთოვანებული არ იქნება, მაგრამ მთლიანობაში ვხედავთ, რომ ეს პირადი არჩევანის საკითხია“, - განაცხადა ეროვნული პარტიის პარლამენტარმა, სარა მიტჩელმა.

ადგილობრივ ხელისუფლებას დამატებითი დრო დასჭირდება, რათა ნორმატიული აქტები ახალ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს. კანონის გამოყენება 2028 წლიდან დაიწყება. ამჟამად ეს ტექნოლოგია ნებადართულია მხოლოდ გერმანიის ერთ-ერთ რეგიონსა და აშშ-ის 14 შტატში.