ირაკლი ჭეიშვილი: გერმანიაში იგეგმება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ამ შემთხვევაში ეუთო-ს პოზიციები სად არის? ეს არის ორმაგი სტანდარტი
გვაქვს მოლოდინი, რომ მოხდება პარტიების აკრძალვა. საბოლოო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. ვფიქრობ, ჩვენი მხრიდან საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა წარდგენილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ხედავდა, რა დღეში აგდებდა „ნაციონალური მოძრაობა„ საქართველოსა და ქართველ მოსახლეობას.
„გარდა ამის, გვაქვს წარდგენილი საგამოძიებო კომისიის დასკვნა. ასევე, წარვადგინეთ, 2012 წლიდან დღემდე რას სჩადიოდა მოღალატეობრივი ოპოზიცია და როგორ არაკონსტიტუციურად იქცეოდნენ. მათი საქმიანობა კონსტიტუციურ წყობილებას გასცდა. მათი ნებისმიერი ნაბიჯი არაკონსტიტუციური და მიმართულია იქითკენ, რომ ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯის დისკრედიტაცია მოახდინონ“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
რაც შეეხება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით „ალდესა“ და ეუთო-ს განცხადებას, ჭეიშვილის განმარტებით, ეუთო მსგავს განცხადებას არ აკეთებს ევროკავშირის ქვეყნის, გერმანიის მიმართ, რომელიც კონკრეტული პარტიის აკრძალვას ცდილობს.
„გერმანიაში იგეგმება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, რომელიც პრაქტიკულად, უმრავლესობაშია გერმანიის ხელისუფლებაში. ყოველ შემთხვევაში, მისი აკრძალვის მოთხოვნით იქაური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი გამოდის. ყველაზე შემაშფოთებელი ისაა, რომ დღეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს, ეუთო გამოდის და აკეთებს განცხადებას, სარჩელი უკან გავიწიოთ თუ – არა. ამბობენ, სხვა შემთხვევაში გარკვეული სანქციები იქნება გატარებული, რადგან თურმე, ამით საქართველო ევროკავშირის მომავალს კარგავს. ეუთო რასაც აკეთებს, ეს არის ზუსტად ზეწოლა დღევანდელ დამოუკიდებელ სასამართლოზე. არასწორი და გაუგონარი ამბავია, მაშინ, როცა სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სარჩელი უკან იყოს გაწვეული. ეს არის ზუსტად ზეწოლა დამოუკიდებელ სასამართლოზე.
რაც შეეხება „ალდეს“, ამომრჩეველს წარმომადგენლობას გერმანია არ ართმევს? ევროკავშირის დემოკრატიის შუქურად წოდებული გერმანია ცდილობს, აკრძალოს ნომერ პირველი ოპოზიციური პარტია გერმანიის რესპუბლიკაში. ამ შემთხვევაში ამომრჩეველს წარმომადგენლობას არ ართმევს? ჩემი ვარაუდით, აღნიშნული პარტია მომავალი ხელისუფლება იქნება გერმანიაში. ამ შემთხვევაში რა ხდება? ამ შემთხვევაში ეუთო-ს პოზიციები სად არის? ეს არის ზუსტად არასწორი და ორმაგი სტანდარტი. მათთვის რაც მისაღებია, რატომ არის ჩვენთვის მიუღებელი? თარიღების მიხედვით გვაქვს, რას სჩადიოდნენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს პარტიები. სარჩელში გვაქვს, რა არაკონსტიტუციური და მოღალატეობრივი ნაბიჯები აქვთ გადადგმული. მეტი რა მტკიცებულებებია საჭირო, ვერ ვხვდები. საქართველოსთან მიმართებით მწვავე კრიტიკა პარტიების აკრძალვის მოთხოვნამდეც იყო. ვიდრე პარტიების აკრძალვას მოვითხოვდით, კრიტიკა მუდმივ რეჟიმში იყო ევრობიუროკრატიის მხრიდან საქართველოსთან მიმართებით“, – აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სარჩელი და შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული დევნა“. ამასთან, „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“(ALDE) აღნიშნავს, რომ „მსხვილ ოპოზიციურ პარტიებს აკრძალვის საფრთხე ემუქრებათ, რაც პოტენციურად ასობით ათას ქართველ ამომრჩეველს ართმევს პოლიტიკურ წარმომადგენლობას“.
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს „ქართული ოცნების“ კონსტიტუციურ სარჩელს, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა. სარჩელის განხილვა დღეს დაიწყო და სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელი სხდომა დასრულებულია და სარჩელის განხილვა ხვალ, 12:00 საათზე განახლდება.