ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდითაა წარმოდგენილი

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს მწერალთა სახლის ორგანიზებით, ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა, - ინფორმაციას მწერალთა სახლი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამდღიანი პროგრამა მოიცავს ქართულ-აზერბაიჯანული თარგმანების პრეზენტაციებს, შეხვედრებს ავტორებთან, მთარგმნელებთან და გამომცემელთა ჯგუფებთან.

„ბაქოს წიგნის ბაზრობა საერთაშორისო მასშტაბის ლიტერატურული მოვლენაა, რომელშიც საქართველო უკვე მეორედ მონაწილეობს, რაც ხელს უწყობს როგორც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას, ასევე, ორ ქვეყანას შორის მთარგმნელობით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას.

ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც ყოველწლიურად ბაქოს ექსპო ცენტრში იმართება, ადგილობრივ და უცხოელ გამომცემლებს, მწერლებს, მთარგმნელებს, წიგნის გამავრცელებლებსა და მკითხველებს აერთიანებს.

სტენდის გახსნის ღონისძიებას საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზაქარაშვილი, ქართველი ავტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.