საქართველოს იუსტიციის მინისტრმა სტამბოლის გლობალურ ფორუმზე სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფის პროცესში ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა
პაატა სალიამ სტამბოლში მიმდინარე გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ტარდება, - ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იუსტიციის მინისტრი სიტყვით გამოვიდა და ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში, სადაც ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გამჭვირვალობასა და სამართლის უზენაესობასთან.
პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა, რაც მათთვის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.
„ბოლო წლების განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საჯარო სერვისების მოდერნიზების კუთხით. ამ მხრივ აღსანიშნავია იუსტიციის სახლი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს 600-მდე საჯარო და კერძო სერვისს; ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი – MY.GOV.GE; „გონიერი კონტრაქტი“ – უძრავი ქონების ტრანზაქციებისა და საკუთრების რეგისტრაციის დისტანციურად განხორციელებისათვის და „ციფრული უნივერსიტეტი“, რომელიც მსჯავრდებულთათვის განათლების სერვისების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პაატა სალიამ.
იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ გამოწვევებზე, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში ჩნდება:
„2024 წელს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ევროპის საბჭოს ჩარჩო კონვენციას ხელოვნური ინტელექტის, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ. საქართველო გააგრძელებს ციფრული მმართველობის განვითარებას და სამართლის სფეროში ახალი ტექნოლოგიების პასუხისმგებლობიან გამოყენებას მოქალაქეთა საჭიროებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა პაატა სალიამ.
გლობალურ სამიტში OECD-ის წევრი ქვეყნების აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მონაწილეობენ. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.