ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

ფაშინიანი ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არ გამორიცხა, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების მიზნით ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატაროს.

როგორც ფაშინიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მალე სომხეთის ხელისუფლება ახალი კონსტიტუციის პროექტს გამოაქვეყნებს და მის განხილვებს დაიწყებს.

თუ საპარლამენტო ოპოზიცია ახალ პროექტს მხარს არ დაუჭერს, მაშინ, ფაშინიანი არ გამორიცხავს, რომ ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

„უახლოეს მომავალში ახალი კონსტიტუციის პროექტს გამოვაქვეყნებთ, დავიწყებთ განხილვებს და მას პარლამენტს წარვუდგენთ. შევეცდებით, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია - საკითხი, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს ხანგრძლივ არსებობას განსაზღვრავს. შევეცდებით მათ დარწმუნებას, მაგრამ თუ ეს არ გამოგვივა, სხვა სცენარებით ვიმოქმედებთ. მათ შორის შესაძლოა ვადამდელი არჩევნებიც ჩავატაროთ. ვინ თქვა, რომ ასეთი სცენარი გამორიცხულია?!“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

აღსანიშნავია, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ გაფორმებისთვის კონსტიტუციის შეცვლა უწევს, რადგან ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, დღეს მოქმედ რედაქციაში არის ჩანაწერი მთიანი ყარაბაღის შესახებ, რაც, აზერბაიჯანის ხელისუფლების შეფასებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგაა მიმართული.

ახალი კონსტიტუციის მიღებას სომხეთის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, რაც ფაშინიანის პარტიას არ აქვს.