ზელენსკი: ტრამპმა ომის დასასრულებლად პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს

ზელენსკი: ტრამპმა ომის დასასრულებლად პუტინის მიმართ რიტორიკა უნდა შეცვალოს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ის ლიდერს დონალდ ტრამპს უკრაინაში ომის დასრულება შეუძლია, თუ ის თავის რიტორიკას ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით შეცვლის.

„ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად აიძულოს პუტინი მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდეს. ტრამპს მარტივად შეუძლია გადაიტანოს თავისი რიტორიკა, რომელსაც ჩემი მისამართით იყენებს, პუტინზე. მას მაგიდაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდევს. მას ამისთვის ხმა არ მიუცია. ამას კენჭი კონგრესმა უყარა. შესაძლოა მას და პუტინს განსაკუთრებული ურთიერთობები აქვთ. არ ვიცი, რა ხდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან ტრამპის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტია დამნაშავე აშშ-ში დიზელის ფასების ზრდაში, არასამართლიანი უწოდა.

ზელენსკიმ განმარტა, რომ უკრაინა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურტყამს. სიტუაცია ენერგეტიკული ზავის წყალობით შეიცვლებოდა.

„პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხთან დაკავშირებით პუტინთან შეთანხმებას ვერ აღწევს. პუტინი მას უარს ეუბნება. ამიტომ ამას პრეზიდენტი არა პუტინს, არამედ მე მაბრალებს. ის ამერიკელებს უხსნის, რომ აშშ-ში ფასები იზრდება იმის გამო, რომ ჩვენ რუსეთს ვურტყამთ. ეს სრული სიცრუეა. ჩვენ ტრამპთან კარგი ურთიერთობები გვაქვს და ვფიქრობ, რომ არასამართლიანია, როცა ამას მე მაბრალებს. ის კონტექსტს ამახინჯებს“, - თქვა ზელენსკიმ.