იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ ერთი წლის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა

თბილისის საკრებულო იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ნინო ვარდოსანიძემ 2025-2026 წლების საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საანგარიშო პერიოდში საკრებულოს 18 და ბიუროს 20 სხდომა ჩატარდა, რომელთა ფარგლებშიც 812 სამართლებრივი აქტის პროექტი განიხილეს და მიიღეს. საანგარიშო წლის განმავლობაში ნინო ვარდოსანიძე დაესწრო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 15 სხდომას, რომლებზეც განიხილეს 30 საკითხი.

ნინო ვარდოსანიძე იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის პოსტზე საქმიანობის გარდა, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრიცაა და მისი ანგარიში ორივე კომისიის საქმიანობას შეეხო.

საანგარიშო პერიოდში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის 22 სხდომა ჩატარდა, რომლებზეც განიხილეს 492 სამართლებრივი აქტის, კერძოდ, 95 დადგენილებისა და 397 განკარგულების პროექტები.

როგორც ანგარიშის წარდგენისას ნინო ვარდოსანიძემ განაცხადა, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია წამყვან როლს ასრულებს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტასა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივ-პროცედურული ღონისძიებების გატარებაში, როგორებიცაა საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და ბიუროს წინაშე დასამტკიცებლად წარდგენა; საკრებულოს კომისიათა პერსონალური შემადგენლობის ცვლილების საკითხის შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის მომზადება.

ნინო ვარდოსანიძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კომისიის ფორმატში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განხილვის პროცესს. მან განიხილა ასევე ავარიული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლების პროგრამა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების ხელშეწყობის პროგრამა, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლების გამოსყიდვის წესი, დაუმთავრებელი მშენებლობების და ყოფილი საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის წევრებისთვის უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის საკითხები.

საქმიანობის ანგარიშში ვრცელად არის განხილული საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საქმიანობა, ასევე საერთაშორისო ვიზიტები.

საანგარიშო პერიოდში ნინო ვარდოსანიძემ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში, ევროპის საბჭოს კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაში, გაერთიანებული ქალაქებისა და ადგილობრივ ხელისუფლებათა მსოფლიო ორგანიზაციის (UCLG) აღმასრულებელი ბიუროს შეხვედრასა და რამდენიმე საერთაშორისო ფორუმში მიიღო მონაწილეობა.