მაკა ბოჭორიშვილი: თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა არის დიალოგის გაძლიერებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მკაფიო გზავნილი
დღეს ბათუმში ვმასპინძლობთ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნის – თურქმენეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. მოხარული ვარ, რომ ამ ფორმატში პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოში, ბათუმში გაიმართა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ცენტრალურ აზიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ის სწორედ იმ საჭიროებებიდან გამომდინარეობს, რომელიც დღეს ჩვენ გარშემო არსებობს.
„დღეს, როდესაც საერთაშორისო გარემო სწრაფად იცვლება, საქართველოსა და ცენტრალური აზიის როლი სულ უფრო იზრდება, ჩვენი რეგიონები ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სივრცის მნიშვნელოვანი ნაწილია და ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ერთობლივი ძალისხმევით ნამდვილად შეგვიძლია, გავაძლიეროთ რეგიონული კავშირები, შევქმნათ ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.
ჩვენ გვაკავშირებს ისტორიული მეგობრობა, საერთო ეკონომიკური ინტერესები, ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანი და დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ შუა დერეფნის განვითარება. ეს მარშრუტი ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიას და შავის ზღვის გავლით ევროპას აკავშირებს, საქართველოს მნიშვნელოვანი როლი აქვს ამ კავშირის განვითარებასა და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაფართოებაში და შუა დერეფნის სრული პოტენციალის გამოყენება ჩვენი საერთო სტრატეგიული ინტერესია. ამისთვის აუცილებელია მჭიდრო კოორდინაცია, განვითარებული ინფრასტრუქტურა და ძლიერი პოლიტიკური ნება, რისი გამოვლინებაც იყო სწორედ დღევანდელი შეხვედრა.
ჩვენი თანამშრომლობა მხოლოდ ეკონომიკით და ტრანსპორტით არ შემოიფარგლება, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიკური ნდობის გაძლიერება, რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობა და ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გაღრმავება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს ხელისუფლების თანმიმდევრული ძალისხმევა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გასაძლიერებლად“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადაიდგა.
„მიმდინარე წლის ივნისში ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ. ეს მნიშვნელოვანი, ისტორიული ნაბიჯია, რომელმაც ჩვენს ურთიერთობებს ახალი მასშტაბი შესძინა და თანამშრომლობის გაღრმავების ახალი მტკიცე საფუძველი შექმნა. ივლისში სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ ასევე უზბეკეთთან, უზბეკეთის პრეზიდენტის საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები ახალი ეტაპზე გადადის. ასევე მნიშვნელოვანი იყო თურქმენეთთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით თურქმენეთის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი, რომელიც ასევე წელს ივლისში გაიმართა. აქაც ახალი შესაძლებლობები შეიქმნა პოლიტიკური დიალოგისა და სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისთვის. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე ყირგიზეთსა და ტაჯიკეთთან ურთიერთობებში. პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წელს, ივნისში განახორციელა ყირგიზეთში. მნიშვნელოვანი შეხვედრები იყო ასევე ტაჯიკეთში. ორივე ქვეყნისთვის საქართველოს მნიშვნელობა დიდია, თუკი შევხედავთ სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ცხადია, ჩვენ გვჭირდება ერთმანეთთან კავშირების გაძლიერება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი პოლიტიკური დიალოგი, კონკრეტული ეკონომიკური შედეგები რომ რეალობად ვაქციოთ. სწორედ ამ საერთო ინტერესებს ეფუძნება ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი რეგიონების დაახლოებაში და ახალი შესაძლებლობების შექმნაში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის.
კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ კოლეგას, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან, რომლებიც შემოუერთდნენ ამ ინიციატივას, დღეს სწორედ ბათუმში, საქართველოში გამართულიყო პირველი შეხვედრა ამ ფორმატში. ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენს რეგიონებს შორის ურთიერთობების განვითარებაში და საბოლოოდ, ეს კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს საქართველოს როლს შუა დერეფნის განვითარების კონტექსტში, რაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია თანამედროვე პირობებში“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.