კურორტ ნაბეღლავზე გამავალი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 1,5 კმ-იანი მონაკვეთის (კმ21-კმ22) პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული მონაკვეთი კურორტ ნაბეღლავზე გადის.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება მიწის სამუშაოები, გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგების და ადგილობრივ გზებთან მიერთებების მოწყობის სამუშაოები.
გატარდება უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ: გზის სავალი ნაწილის მონიშვნა, შემოფარგვლა და საგზაო ნიშნების მოწყობა.
ჩოხატაური-ბახმაროს გზა გაივლის კურორტ ნაბეღლავს და კურორტ ბახმარომდე მიდის. აღნიშული გზის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის განვითარებისა და ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით.
სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 158 666 ლარით ფინანსდება.