ლევან ბეჟაშვილი – „ალიანსში“ ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება

ლევან ბეჟაშვილი – „ალიანსში“ ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ სერიოზული საუბრებია, ღირს თუ არა ისეთ „ალიანსში“ ყოფნა, რომელიც პატივს არ სცემს პოლიტპატიმრებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 14-წლიან ბრძოლას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც პარტიაში რეფორმების საკითხი დასრულდება უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში.

„ვიმეორებ, „ალიანსში“ ყოფნაზე მას შემდეგ ვიმსჯელებთ, რაც პარტიული საკადრო საკითხები გადაწყდება. 14-წლიან ოპოზიციაში ყოფნის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობაში“ რამდენინე ეტაპად შემოვიდნენ ახალი სახეები. დღევანდელი ლიდერების უმრავლესობა, სწორედ ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული: ლაშა ფარულავა, ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ ნარმანია, მარიამ დოლიძე, ლევან ხაბეიშვილი და ანი წითლიძე. ეს ის ადამიანებია, ვინც პარტიას ოპოზიციაში ყოფნის დროს შემოუერთდნენ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს, ახალგაზრდებმა პარტიულ საქმიანობაში უნდა დაიკავონ მნიშვნელოვანი პოზიციები. ყველაფერი საბოლოოდ ყრილობის შემდეგ გადაწყდება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატებს, როგორც ლევან ბეჟაშვილი ამბობს, მათი რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება.

„ანი წითლიძემ ერთ-ერთ გადაცემაში არც უარყო და არც დაადასტურა მისი კანდიდატად მონაწილეობა , ბუნებრივია, კანდიდატების რაოდენობა განპირობებული იქნება იმ მოცემულობით, რომელიც წინასაარჩევნო რეგისტრაციის დროს შეიქმნება. ვინ მიიღებს მონაწილეობას, ვინ იქნებიან დარეგისტრირებული, ალბათ, ამის გათვალისწინებით შეიძლება, 3, 4 და 5 კანდიდატურაც კი დარეგისტრირდეს. მას შემდეგ, რაც პოლიტსაბჭოს მიერ არჩევნების თარიღი გამოცხადდება და საარჩევნო წესი დამტკიცდება, კანდიდატებს რეგისტრაციის საშუალება ექნებათ. მე პირადად ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურას მხარს დავუჭერ. პარტიის წევრთა მნიშვნელოვანი ნაწილი ნანუკას კანდიდატურას მხარს უჭერს, თუმცა მას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.