შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს
ასე არის კაცობრიობა მოწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს თავისი ცილისწამების მართებულობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის მიერ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ჩივილს.
მისი თქმით, ახლა შესაძლებლობა აქვს მედიას, რომელიც ცილისწამებას ავრცელებდა, თქვას, რის საფუძველზე აკეთებდა ამას.
„მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება ერთმანეთში — გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს და უნდა დავუბრუნდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია.
ცივილიზებულ ქვეყნებში ვინც ტყუილს ამბობს, ის პასუხს აგებს. ეს არის არა მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი — ასე არის კაცობრიობა მოწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს თავისი ცილისწამების მართებულობა.
ამიტომ ბერა ივანიშვილის სარჩელი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია და ახლა შესაძლებლობა აქვს მედიას, რომელიც ცილისწამებას ავრცელებდა, თქვას, რის საფუძველზე აკეთებდა ამას. საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა დავინახავთ, რომ არაფერი ჰქონიათ ხელთ და ეს იყო კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების ფანტაზიორობა, ესეც აჩვენებს, თუ რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვაქვს საქმე“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.



