სასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

სასამართლოს დამოუკიდებლობითა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტიანობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მხრივ.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური გამოკითხვის საფუძველზე კანონის უზენასობა შეფასდა ორი კუთხით: სასამართლოს დამოუკიდებლობა და სამართლებრივი ჩარჩოს ეფექტიანობა დავების გადაწყვეტისას.

შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 59%-ი აიღო და ევროპაში მე-15 ადგილი დაიკავა. საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 2 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, ლატვია, ბულგარეთი, პოლონეთი, რუმინეთი, უნგრეთი, სლოვენია, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთი მაკედონია, ხორვატია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში.