უკრაინული დელეგაცია აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

უკრაინული დელეგაცია აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავს

უკრაინულმა დელეგაციამ არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ აბუ-დაბიში ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, დელეგაციის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ავრცელებს.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მუშაობა დავიწყეთ. პირველი შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნატოსა და ევროკომისიის წარმომადგენლებთან გაიმართება. მათ ასევე შეუერთდებიან აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. მოლაპარაკებების მომდევნო ეტაპამდე პოზიციებს შევაჯერებთ და შემდგომ ნაბიჯებს შევათანხმებთ“, - დაწერა უმეროვმა „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.

როგორც უმეროვი წერს, ევროკავშირის, ნატოსა და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება მოლაპარაკებები სამმხრივი ფორმატით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების მონაწილეობით.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტებია საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, ომის შემდგომი უსაფრთხოების საიმედო გარანტიები, უკრაინის ეკონომიკური აღდგენა და განვითარება, ასევე ჰუმანიტარული საკითხები. ვმუშაობთ, რომ ამ მხრივ მაქსიმალურ პროგრესს მივაღწიოთ და მშვიდობას დავაახლოოთ“, - დასძინა მან.