მედია: სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს
რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში რუსეთის არმიის პოლკოვნიკი მანქანაში ააფეთქეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობების თანახმად, დაღუპულია სამხედრო-საჰაერო ძალებისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეექვსე არმიის შტურმანი.
შემთხვევა გამთენიისას კოლპინის გზატკეცილზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, მანქანის ქვეშ იყო დამონტაჟებული.
ავტომობილში სამხედროსთან ერთად მისი ნათესავიც იმყოფებოდა, რომელიც მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოში, დაახლოებით ამავე ადგილას ავტომობილი აფეთქების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მაშინ მანქანაში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვიცე-პოლკოვნიკი მეუღლესთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ ქვედა კიდურები დაკარგეს.



