Financial Times: ტრამპის მიერ სანქციების შემსუბუქების შემდეგ რუსეთის დიზელის ექსპორტი გაორმაგდა, თუმცა საწვავი აშშ-ში არ ჩასულა

Financial Times: ტრამპის მიერ სანქციების შემსუბუქების შემდეგ რუსეთის დიზელის ექსპორტი გაორმაგდა, თუმცა საწვავი აშშ-ში არ ჩასულა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებმა, დიზელის საწვავზე ფასები შეემცირებინა, რუსეთს გასულ თვეში საწვავის ექსპორტის გაორმაგების შესაძლებლობა მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიუხედავად, რომლითაც მოსკოვისთვის საწვავთან დაკავშირებული სანქციები შემსუბუქდა, რუსული დიზელის არცერთი პარტია აშშ-ში ჯერ არ ჩასულა.

კომპანია Kpler-ის მონაცემებით, ოქტომბერში რუსეთიდან დიზელის ექსპორტმა დღეში 271 000 ბარელი შეადგინა, მაშინ როდესაც სექტემბერში ეს მაჩვენებელი 135 000 ბარელი იყო.

ექსპორტის ზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-მა უკრაინაზე ზეწოლა მოახდინა, რათა კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეწყვიტა. ამას წინ უძღოდა 9 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შესახებ, რომლის მიზანიც საწვავის მიწოდების „დაუყოვნებლივ“ გაზრდა იყო როგორც აშშ-ის, ისე მსოფლიო ბაზრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ რუსული დიზელი აშშ-ის ბაზარზე ჯერ არ მოხვედრილა, უკრაინის მხარდამჭერების მცდელობებმა, ხელი შეეშალათ გემებისთვის ტვირთის მიწოდებაში, რუსეთის ექსპორტის ზრდა სხვა მიმართულებებით ვერ შეაფერხა. რუსეთმა დიზელის მიწოდება გაზარდა ბრაზილიაში, თურქეთსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, წერს გამოცემა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა Financial Times-ს განუცხადა, რომ მსოფლიო ბაზარზე რუსული დიზელის მიწოდების ზრდა ამერიკელებისთვის საწვავის ფასების შემცირებას შეუწყობს ხელს და ეს ტრამპსა და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების მიზანს შეესაბამება.

„როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ეს შეთანხმება მთელი მსოფლიოსთვის არის. მისი მიზანი მსოფლიო ბაზარზე დიზელის მიწოდების გაზრდაა, რაც ამერიკელებისა და დანარჩენი მსოფლიოსთვის ფასებს შეამცირებს. სწორედ ეს მოხდება“, - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.

Financial Times-ის ინფორმაციით, ბოლო კვირების განმავლობაში სულ მცირე ორმა ტანკერმა, რომლებიც თავდაპირველად აშშ-კენ მიემართებოდნენ, კურსი შეიცვალა. ამჟამად აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მხოლოდ ერთი ტანკერი რჩება, რომელსაც რუსული დიზელი გადააქვს და მყიდველს ელოდება.