ბაკურიანში ზამთრის სეზონის დაწყებამდე გზები მოწესრიგდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში ზამთრის საკურორტო სეზონის დაწყებამდე საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზების მოწესრიგების სამუშაოებს ჩაატარებს. ამ ეტაპზე მოეწყობა გზის საფარის ქვედა ფენები, რაც მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილებას გაუადვილებს.
გადაწყვეტილების მიზანია, ზამთრის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს გადაადგილებისთვის უფრო კომფორტული და უსაფრთხო პირობები შეექმნათ.
ბაკურიანში ამჟამად წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების გამო კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
არსებული მდგომარეობისა და ზამთრის სეზონზე ვიზიტორთა რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდის გათვალისწინებით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტის დასრულებამდე გზებზე ქვედა ფენები მოაწყოს და მოსახლეობისა და დამსვენებლებისთვის გადაადგილების პირობები გააუმჯობესოს.
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ბაკურიანში საგზაო ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები მოიცავს გზის საფარის საბოლოო ფენების მოწყობას, სანიაღვრე სისტემებისა და ტროტუარების მშენებლობას.
სამინისტროს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით გამოწვეული დისკომფორტი და უზრუნველყოფილი იყოს კურორტის საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხიანი და სრულფასოვანი განვითარება.
ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



