შალვა პაპუაშვილი: მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა

შალვა პაპუაშვილი: მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს წარმომადგენლობის საკითხსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოლიტიკას ეხმაურება. პაპუაშვილის შეფასებით, საქართველოს მთავრობას შეხვედრაზე რეალური მოწვევა არ მიუღია, რადგან მინისტერიალზე მიწვევა უშუალოდ მინისტრს უნდა გაეგზავნოს და არა ელჩს ან აპარატის წარმომადგენელს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დაკავშირებადობასა და „შუა დერეფანზე“ საქართველოს გარეშე მსჯელობა იმ პრინციპების დარღვევაა, რომლებსაც თავად ევროკავშირი სხვა შემთხვევებში იცავს.

„გვსმენია მათი განცხადებები - არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. ისმის კითხვა - მაშინ რატომ საქართველოზე საქართველოს გარეშე? ეს აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობასა და ფარისევლობას. მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ამ კონტექსტში ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი და აღნიშნა, რომ მისი კონფრონტაციული პოლიტიკის გამო, თავად ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეზღუდეს მისი მონაწილეობა რუსეთთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში. პაპუაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის მთავარ დიპლომატს არ რთავენ, ნათლად აჩვენებს, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას საქართველოს მიმართაც.

„ასეთი უტიფარ, ქედმაღლურ და კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას რომ აწარმოებს ქალბატონი კალასი, ამიტომაც არის, რომ თავად ევროკავშირმა არც კი მიუშვა ის რუსეთთან მოლაპარაკებებში. იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ეხება ევროპის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას, მონაწილეობას არ მიაღებინებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. აი, ამას მიაღწია კაია კალასმა. გასაგებია, რომ სადაც აქ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასე პირდაპირ შეზღუდეს მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში, გასაგებია, ჩვენთან როგორ იქცევა და როგორი ქედმაღლობა და კონფრონტაციულობა არის“, - მიიჩნევს პაპუაშვილი.