ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის

ნათია თურნავა: ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის

მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურის ფინტექფესტივალზე, ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე საქართველოს ეროვნული ბანკი ქართულ ბანკებთან და ფინტექკომპანიებთან ერთად არის წარმოდგენილი. საქართველოს მიმართ ინტერესი მართლაც მაღალია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავაძლიეროთ საერთაშორისო თანამშრომლობა და მოვიზიდოთ მეტი ინოვაციური კომპანია და ტექნოლოგიური გადაწყვეტა საქართველოს საფინანსო სექტორში, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სინგაპურის ფინტექფესტივალზე.

სინგაპურის ფინტექფესტივალზე საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის პავილიონით არის წარმოდგენილი, რომელმაც ქართულ საფინანსო და ფინტექსექტორის წარმომადგენლებს მოუყარა თავი. პავილიონი ქართული საფინანსო სექტორის შესაძლებლობების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების დამყარებასა და საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესის ზრდას ემსახურება.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მსოფლიოს წამყვანი ცენტრალური ბანკების, მათ შორის გერმანიის, ესპანეთის, დანიისა და სლოვაკეთის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებთან ერთად საგამოფენო პავილიონები დაათვალიერა და სხვადასხვა კომპანიის ინოვაციურ პროდუქტებსა და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს გაეცნო.

სინგაპურში ვიზიტისას ნათია თურნავა სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს განიხილავენ. ასევე დაგეგმილია შეხვედრები წამყვანი საერთაშორისო ინოვაციური და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლებთან და მათთვის საქართველოს საფინანსო სექტორში ახალი ინვესტიციებისა და ინოვაციების გაცნობა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოს საფინანსო სექტორში უკვე განხორციელებულია სინგაპურული ინვესტიციები და არსებობს მათი შემდგომი გაფართოების პოტენციალი.

„ინოვაციებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თვალსაზრისით, საქართველო მართლაც მიმზიდველია. მნიშვნელოვანია, რომ სინგაპურში წარმოდგენილი ვართ ქართულ ბანკებთან და ქართულ ფინტექკომპანიებთან ერთად. ფინტექფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს საკმაოდ საინტერესო შეხვედრები, მათ შორის გამოვყოფდი სინგაპურის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სადაც ვისაუბრებთ ორმხრივ ურთიერთობებზე, თანამშრომლობაზე. საქართველოს საფინანსო სექტორში ჩვენ უკვე გვაქვს სინგაპურული ინვესტიციები და ვფიქრობ, რომ ეს ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენი მიზანია საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საერთაშორისო ფინტექ და ტექნოლოგიური კომპანიებისთვის. სწორედ ამ მიზნით, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები სხვადასხვა წამყვანი ინოვაციური კომპანიის და ტექნოლოგიური კომპანიის ხელმძღვანელებთან“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სინგაპურის ფინტექფესტივალი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ყოველწლიურად ფინანსური სექტორის, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს წამყვან წარმომადგენლებს აერთიანებს. ღონისძიება 70 000-ზე მეტ მონაწილეს მასპინძლობს, მათ შორის არიან ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, ფინანსური რეგულატორები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, წამყვანი ბანკები, საგადახდო სისტემებისა და ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები. ფესტივალის მთავარი თემებია ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება, საგადახდო სისტემების ინოვაციები და ფინანსური სექტორის ციფრული ტრანსფორმაცია.