საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა 12:00 საათზე განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღესაც გრძელდება. სასამართლო პროცესი 12:00 საათზე განახლდება.

„ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი სარჩელის განხილვის მე- 16 სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმით გრძელდება და კითხვებს კვლავ მოსარჩელე მხარე დასვამს.

საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პარტიების „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის “ საქმიანობის კონსტიტუციურობას და მათი აკრძალვის საკითხს.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით: „კონსტიტუციური სარჩელის ავტორთა მოსაზრებით, ნათლად დასტურდება კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ხუთივე პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველი წინადადების დარღვევა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის მცდელობაში უკვე გამოიხატა, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისა და ძალადობით შეცვლის სამომავლო მიზნის არსებობაში ვლინდება. კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებით საქმიანობის კონსტიტუციურობის შეფასების ნაწილში ასევე დამატებით აქტუალურია ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კონსტიტუციური საფუძვლები.“