ზელენსკის განცხადებით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გვიან ღამით რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას საერთო ჯამში 12 ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რუსეთი რეაქტიული დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა კიევსა და კიევის ოლქს. დარტყმების ქვეშ ასევე მოექცა ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის ოლქები.
„კიევში სარკინიგზო დეპოზე განხორციელებულმა დარტყმამ შვიდი ადამიანი იმსხვერპლა. საერთო ჯამში, რუსეთის თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქე. კიდევ ათობით ადამიანი დაშავდა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა. რუსეთი საკუთარ დარტყმებს ყოველთვის ისე გეგმავს, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად გაანადგუროს, და ამას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როდესაც საჰაერო თავდაცვის საშუალებები საკმარისი არ არის“, - დაწერა მან.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ბევრ ქალაქსა და თემში ღამიდან მოყოლებული რუსეთის თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია მიმდინარეობს. მხოლოდ კიევსა და კიევის ოლქში ამ სამუშაოებში თითქმის 350 მაშველია ჩართული.
„სამწუხაროდ, დაზიანებულია საცხოვრებელი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ბორისპოლში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა. 50 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. შესაბამისი სამსახურები ადგილზე მუშაობენ. ასევე განხორციელდა დარტყმები საწარმოებზე. ბორისპოლში ოთხი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“, - დასძინა მან.
როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, საღამოდან ოდესასა და მის ოლქზე ავიაბომბებითა და დრონებით დარტყმები გრძელდებოდა. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ელექტრომომარაგება ადამიანებს ოპერატიულად აღუდგეთ.