ნინო ფოჩხუა: ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ
ღარიბაშვილის საცხოვრებლიდან მილიონების ამოღების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების აღიარებისა და მისი გასამართლების შემდეგ, მთელმა რიგმა სუბიექტებმა მთავარ საქმედ ღარიბაშვილის უდანაშაულობასა და პატრიოტ ქართველობაზე დაიწყეს ლაპარაკი, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში.
ფოჩხუას შეფასებით, ღარიბაშვილის დამცველთა შორის კუკავა განსაკუთრებით აქტიურობს, თავს ესხმის „ქართულ ოცნებას“ და ყოფილი პრემიერის გზავნილებს ავრცელებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფრის უკან ფინანსური ინტერესი დგას და ღარიბაშვილს, სახლიდან ამოღებული მილიონების გარდა, შესაძლოა, სხვა გადამალული ფინანსური რესურსებიც ჰქონდეს.
„ღარიბაშვილის საცხოვრებლიდან მილიონების ამოღების, უკანონო შემოსავლების ლეგალიზების აღიარებისა და მისი გასამართლების შემდეგ, მთელმა რიგმა სუბიექტებმა მთავარ საქმედ ღარიბაშვილის უდანაშაულობასა და პატრიოტ ქართველობაზე დაიწყეს ლაპარაკი. ასავალ - დასავლისა და დიტო ჩუბინიძის პოზიციები ისედაც ყველასთვის ცნობილი იყო, ალაპარაკდნენ მისი პრემიერობის დროს მთავრობაში მომუშავე ყოფილი მაღალჩინოსნებიც, თუმცა, როდესაც აღნიშნულ საქმიანობაში კახა კუკავა ჩაერთო, უკვე დადასტურდა, რომ ამ ყველაფერს კამპანიური ხასიათი აქვს და ღარიბაშვილი მართავს.
საბოლოოდ, მივიღეთ მოცემულობა, რომ ღარიბაშვილის დამცველთა შორის კუკავა ყველაზე მეტს ლაპარაკობს. მეტიც, ის გამუდმებით თავს ესხმის “ქართულ ოცნებას” და ყველანაირი ფაქტის გარეშე აბრალებს ყველაფერს, რაც პირზე მიადგება. ამიტომ, მინდა ვკითხო ყველას, ვინც ამ კაცს იცნობს, ან მის შესახებ რაიმე სმენია - ოდესმე, ერთხელ მაინც ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ კახა კუკავას რაიმე საკუთარი ღირებულებების კარნახით გაეკეთებინოს? ოდესმე ყოფილა შემთხვევა, რომ მას თუნდაც ერთი სიტყვის თქმაში კონკრეტული რაოდენობის ფული არ მოეთხოვოს? რა თქმა უნდა, ეს რიტორიკული შეკითხვებია, რადგან კაცს, რომელსაც სინდისი არ აქვს, ღირებულებებიც არ გააჩნია, შესაბამისად, მისთვის მთავარი მოტივატორი პირადი სარგებელია, რაც კახა კუკავას შემთხვევაში, ყოველთვის კუპიურებში ითარგმნება.
ამ ფონზე, ყველამ კარგად იცის, რომ იმ დოზით აქტიურობაში, რომელსაც კუკავა ღარიბაშვილის გზავნილების გავრცელების მიმართულებით ავლენს, საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხასაც მოითხოვდა. მეორე მხრივ, იმას თუ დავუკვირდებით, რამდენი სუბიექტია ჩართული ღარიბაშვილის დაცვის ოპერაციაში, ნათელი გახდება, რომ იმ მოპარული და ნაპოვნი მილიონების მიღმა, რომელიც ყოფილი პრემიერის სახლიდან ამოიღეს, გადამალული კიდევ ბევრი აქვს და მსგავსი კამპანიების აგორებაში ხარჯვაც არ ენანება.
ჰოდა დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და კიდევ ვინ ჩაეწერება ღარიბაშვილის დამცველთა “გუნდში”. ერთად თავი ისეთმა ადამიანებმა მოიყარეს, რომლებსაც საერთო მხოლოდ ღარიბაშვილის წინაშე პირადი ანგარიშვალდებულება და ფულის სიყვარული აერთიანებთ. ქართული პოლიტიკა უსინდისო და ფულის მოყვარული ადამიანების სიმცირეს რომ არ განიცდის ეს ყველამ იცის, ამიტომ არ გაგიკვირდეთ ღარიბაშვილის დამცველთა რიგებში ერთ დროს მისი დაუძინებელი მტრებიც რომ იხილოთ“, - წერს ფოჩხუა.



