ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, საავადმყოფოში რჩება ხუთი ადამიანი, მაშველებმა ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

სამაშველო ღონისძიებები ფაქტობრივად დასრულებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფონიჭალაში, შემთხვევის ადგილზე მყოფმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, სამაშველო სამუშაოების შედეგად, დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს ხუთი ადამიანი, ხოლო დღის მეორე ნახევარში ნაგრევებიდან ექვსი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს.

„მეხანძრე-მაშველების მიერ, საერთო ჯამში, საბედნიეროდ, ხუთი მოქალაქე იქნა გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ამ ხუთი ადამიანიდან ერთის მდგომარეობა არის მხოლოდ კრიტიკულად მძიმე. ასევე, სამწუხაროდ, დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ამოვიყვანეთ ექვსი გარდაცვლილი მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. პირველ რიგში, მინდა, მათ ოჯახებს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს მივუსამძიმრო. ეს ტრაგედია, რა თქმა უნდა, არის მთელი ქვეყნისთვის, თუმცა, უპირველეს ყოვლისა, ყველაზე მძიმე მათი ოჯახის წევრებისთვის და ახლობლებისთვის არის“, – აღნიშნა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროიდან ადგილზე გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

„აწი გაგრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, კონკრეტულად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება კრიმინალისტების ჩართულობით, ყველა საჭირო მტკიცებულების მოპოვების მიზნით. მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ვინც მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში და აუცილებლად, რა თქმა უნდა, სამაშველო ღონისძიებებში. აუცილებლად, მადლობა უნდა გადავუხადო მუნიციპალურ სამსახურებს და პირველ რიგში, ჩვენს გმირებს, მეხანძრე-მაშველებს, რომლებმაც მართლაც სანიმუშოდ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობა. მინდა, მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მთელი დღის განმავლობაში გვქონდა თანამშრომლობა და საზოგადოებას ჰქონდა შესაძლებლობა, მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში თვალი ედევნებინა მოვლენებისთვის“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარ გაზის აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შემთხვევის ადგილიდან თავდაპირველად საავადმყოფოში გადაიყვანეს ოთხი ადამიანი. ნანგრევებში შვიდი ადამიანი იყო მოყოლილი. თავდაპირველად მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს მცირეწლოვანი გოგონა. ექიმების თქმით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დღის მეორე ნახევარში ნანგრევებიდან ექვსი ადამიანის ცხედარი იქნა ამოყვანილი.