საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში გამართულ პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 31-ე გენერალურ შეხვედრაზე, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი ხმათა სრული უმრავლესობით პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

აღმასრულებელი კომიტეტი ასოციაციის მთავარი მმართველი ორგანოა, რომელიც განსაზღვრავს ორგანიზაციის სტრატეგიულ პრიორიტეტებს, ზედამხედველობს მის საქმიანობას, ფინანსურ მართვას და უზრუნველყოფს ასოციაციის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას. ასევე, კომიტეტი იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით.

31-ე გენერალურ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ასოციაციის 122-მა ორგანიზაციულმა და ინდივიდუალურმა წევრმა მსოფლიოს 68 იურისდიქციიდან. გენერალურ შეხვედრაზე მიიღება ასოციაციის უმაღლესი გადაწყვეტილებები, რაც განსაზღვრავს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ირჩევს მის ხელმძღვანელ და მმართველ ორგანოებს.

აღმასრულებელი კომიტეტის წევრობა მნიშვნელოვან შესაძლებლობას იძლევა, რომ საქართველოს პროკურატურა რეგიონის ეგიდით, აქტიურად იყოს წარმოდგენილი პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მმართველობით პროცესებში და ხელი შეუწყოს გლობალურ დონეზე პროკურატურის სისტემების განვითარებას და მათ შორის ეფექტური თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია მსოფლიოში ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ეროვნულ საპროკურორო უწყებებს და პროკურორებს მსოფლიოს 180-მდე ქვეყნიდან. ასოციაციის მთავარი მიზანია მსოფლიოში პროკურორთა პროფესიული ქცევისა და ეთიკის სტანდარტების ამაღლება, კანონის უზენაესობის, სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის ხელშეწყობა, აგრეთვე დანაშაულთან ბრძოლის მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება.

ამირან გულუაშვილის არჩევა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრად გააძლიერებს საქართველოს პროკურატურის ჩართულობას გლობალურ პროფესიულ პროცესებში და ხელს შეუწყობს საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საპროკურორო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.