დავით მათიკაშვილი: ის პრინციპები, რომელთა გარშემოც შეიქმნა ევროგაერთიანება, ფაქტობრივად, ანულირებულია - დღეს ვხედავთ მოცემულობას, რომ ახალ წევრებთან მიმართებით ხმის შეჩერების მექანიზმის ამუშავებაზეა საუბარი. არის თუ არა ეს მართლაც ევროკავშირიდან საბჭოთა კავშირამდე მიმავალი გზა, რასაც საკმაოდ წარმატებით გადის ევრობიუროკრატია?
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ეხმაურება „ევრონიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ ევრობიუროკრატიამ ევროკავშირის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
„ის პრინციპები, რომელთა გარშემოც შეიქმნა ევროგაერთიანება, ფაქტობრივად, ანულირებულია ანუ საუბარია თანასწორობაზე და იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ქვეყანას თანაბარი უფლებები ჰქონდეს. დღეს ვხედავთ მოცემულობას, რომ ახალ წევრებთან მიმართებით ხმის შეჩერების მექანიზმის ამუშავებაზეა საუბარი. არის თუ არა ეს მართლაც ევროკავშირიდან საბჭოთა კავშირამდე მიმავალი გზა, რასაც საკმაოდ წარმატებით გადის ევრობიუროკრატია? სწორედ ამ რეალობის წინაშე დგას დღეს ევროპის კონტინენტი”, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით , ევროკავშირის ელჩებმა ფართო მხარდაჭერა გამოუცხადეს ახალი წევრებისთვის 10-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, რაც დარღვევების შემთხვევაში ხმის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს და მონტენეგროს გაწევრიანების ხელშეკრულების საფუძვლად განიხილება.



