ირაკლი კირცხალია: სუროგაციის აკრძალვის შემდეგ სამმაგად არის გასაკონტროლებელი ეს მიმართულება, რადგან არსებობს რისკი, რომ ამას მიეცეს არალეგალური ხასიათი - ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება ისე როგორც არის, მკაცრი რეგულირების ქვეშ

ირაკლი კირცხალია: სუროგაციის აკრძალვის შემდეგ სამმაგად არის გასაკონტროლებელი ეს მიმართულება, რადგან არსებობს რისკი, რომ ამას მიეცეს არალეგალური ხასიათი - ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება ისე როგორც არის, მკაცრი რეგულირების ქვეშ

სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა ვისგან მოჰყვება მწვავე და მძაფრი რეაქცია, ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ეს რეაქცია, შევიდეთ დისკუსიაში და გავცეთ პასუხი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

მისივე თქმით, აკრძალვა მხოლოდ სუროგაციის საკითხს მოიცავს და არ შეეხება ინ ვიტრო განაყოფიერებას.

„თემა მხოლოდ სუროგაციას ეხება. მათ შორის ევროკავშირის ბოლო ანგარიშშიც მოხვედრილია ეს თემა, რადგან ძალიან გაიზარდა ეს სექტორი და რეალურად ძალიან დიდ რისკებს შეიცავს.

ძალიან მკაფიოდ გვაქვს ეს გადაწყვეტილი. ეს აღსრულების კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ თემის კონტროლი, რადგან როდესაც რაღაცას ქვეყანა კრძალავს, ნებისმიერი მიმართულებით, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს რისკი, რომ ამ ყველაფერს მიეცეს არალეგალური ხასიათი. აკრძალვის შემდეგ სამმაგად არის საკონტროლებელი აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ეს მიმართულება.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერება რჩება ისე როგორც არის, ბევრი ფაქტორისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის გამო. დარჩება მკაცრი რეგულირების ქვეშ და ჩვენ მოქალაქეებს შეეძლებათ ამ სერვისით სარგებლობა. კონკრეტულად ეს მიმართულება [სუროგაცია]გადაიქცა დიდ სფეროდ და ამ სტატისტიკის ზრდასთან ერთად გაიზარდა ეთიკური რისკი, ასევე ტრეფიკინგისა და ექსპლუატაციის რისკი, რასაც ვერ დავუშვებთ“, - აღნიშნა კირცხალიამ.