საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორს მუჰსინ შენთურქს შეხვდა
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურ პროკურორთან მუჰსინ შენთურქთან შეხვედრა გამართა.
თურქეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე კახაბერ მურადაშვილი, გენერალური პროკურორის მოადგილეები ამირან გულუაშვილი და ავთანდილ კოჭლამაზიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მუსტაფა თურქერ არი, გენერალური პროკურორის მოადგილე ომერ ერდოღმუში, საერთაშორისო ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პროკურორი სედა თურქან მანავ დურსუნი, უფროსი პროკურორები ატიფ მოღულქოჩი და ფათიჰ მეჰმეთ აქსოი ესწრებოდნენ.
გიორგი გვარაკიძემ მუჰსინ შენთურქს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მართლმსაჯულების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას უწყობს ხელს.
თავის მხრივ, თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს გენერალურ პროკურორს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის. მუჰსინ შენთურქმა ორი ქვეყნის უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ ხელშესახებ შედეგებზე. მხარეებმა განიხილეს კომპეტენტურ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები. ასევე იმსჯელეს დანაშაულთან ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი ძალისხმევისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობაზე.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.



