ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 135-ე შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დეტალურად მიმოიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარი ყველა ინციდენტი. ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ადამიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია.

IPRM-ის მორიგი შეხვედრის თარიღად 15 დეკემბერი განისაზღვრა.