დიმიტრი სამხარაძე: ის დრო, როცა „რადგან ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, ესე იგი სიმართლეა“, დასრულდა. არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობის დათმობას
„საქართველოსა და ქართველების მოძულე გადამთიელების მოქმედების ქრონოლოგიას ხომ აკვირდებით? პირველ რიგში იწყებენ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე შეტევას, სანქციებით, სოციალურ ქსელებში კამპანიებით, ნაცური ტელევიზიების მხრიდან ცილისწამებითა და რადიკალური ოპოზიციის მეპატრონე ევროპარლამენტარების ჭორაობებით!“- წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.
სამხარაძის თქმით, პირველი სამიზნე ყოველთვის ბიძინა ივანიშვილია, რადგან იციან, რომ მის პირობებში ვერ წაგვართმევენ თავისუფლებას, ვერ დაგვათმობინებენ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
„მეორე ეტაპზე ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე აგებენ ნარატივს. მაგალითად, გვიმტკიცებენ, რომ თუ ევროპაში შევალთ, უფრო დიდხანს ვიცოცხლებთ. მარაზმია! მესამე ეტაპზე იწყება რასა იუკნევიჩიენეს ანტიქართული პოლიტიკის გატარება ევროპარლამენტის კაბინეტებში, ქართველების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების, ზიზღის გაღვივება იმ ევროპარლამენტარებში, რომლებიც აქამდე ნეიტრალურ პოზიციას იკავებდნენ. მეოთხე ეტაპზე აქტიურდებიან აქაური, მათ საკუთრებაში მყოფი მანქურთები რევოლუციური განცხადებებითა და მოწოდებებით. მეხუთე და ბოლო ეტაპი კი ევროპარლამენტში ანტიქართული რეზოლუციების მიღებაა. რეზოლუციებისა, რომლებიც, ჩვენი სუვერენიტეტის დაკარგვას, ქართული ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ყველაფერ ქართულის წაშლას ემსახურება.
ხომ ხედავთ, მათი პირველი სამიზნე ყოველთვის ერისკაცია! იციან, რომ ბიძინა ივანიშვილის პირობებში ვერ წაგვართმევენ თავისუფლებას, ვერ დაგვათმობინებენ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს. ვერ დაასუსტებენ ქართულ ეკლესიას, ვერ გაგვირყვნიან შვილებს და ვერ ჩაგვაბამენ ომში.
ანტიქართული რეზოლუციები საერთოდ რომ არ გვაინტერესებს, ეს თავადაც კარგად იციან. მაგრამ ყველაზე მეტად ის აღიზიანებთ, რომ ქართველ ხალხს ვეღარ ატყუებენ. ის დრო, როცა „რადგან ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, ესე იგი სიმართლეა“, დასრულდა. ისიც არ უნდა უკვირდეთ და სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ კორუმპირებულ ლობისტებს აღარ ვენდობით.
სულ რომ ტონობით ქაღალდი დახარჯოთ რეზოლუციების ჯღაპნაში, არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და მშვიდობის დათმობას! არც თქვენი მანქურთების ხელისუფლებაში დაბრუნებას! შანსი 0%“- წერს სამხარაძე.