ნიკოლოზ სამხარაძე – პუტინის მრჩევლად ე.წ. პრეზიდენტის გადაყვანა კომიკური ამბავია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვაა, რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს

ნიკოლოზ სამხარაძე – პუტინის მრჩევლად ე.წ. პრეზიდენტის გადაყვანა კომიკური ამბავია, დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვაა, რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს

ჩვენთვის მიუღებელია ის ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მაისში გაფორმდა, ეს ცალსახად ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ამ შეთანხმებას გმობს.

„ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავსმოხვეული შეთანხმება, რომელსაც არანაირი წონა და იურიდიული ძალა არ გააჩნია. რაც შეეხება ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის, პუტინის მრჩევლად გადაყვანას, ეს კომიკური ამბავია. ვფიქრობ, გაგლოევს და ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებას ამით დიდი შეურაცხყოფა მიაყენეს, რადგან რუსეთი, როგორც თავად ამბობს, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებს და ამ დროს, ე.წ. რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი მეორე ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლად გადაჰყავს. ასეთი რამ მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ეს არის დე ფაქტო ხელისუფლების დიდი დაცინვა და კიდევ ერთი აღიარება იმის, რომ რუსეთიც კი ცხინვალს „დამოუკიდებლად“ არ მიიჩნევს“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა და რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.