გიორგი ვოლსკი: მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში - არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ცეცხლისა და მახვილისგან
მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში - არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ფრთიანი ფრაზა რომ გახდა, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ცეცხლისა და მახვილისგან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
მან ისაუბრა, თუ რას ეყრდნობა ევროკავშირი საქართველოს შიდა პოლიტიკური პროცესების შეფასებისას. კერძოდ, რამდენად ხდება ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოზე მომზადებული მასალების გამოყენება.
„არსებობს ინფორმაციის უშველებელი წყარო, როგორიც არის კვლევითი ინსტიტუტები, მათ შორის ევროპის პოლიტიკის ინსტიტუტი, რომელიც გერმანიაშია დაფუძნებული და სულ ახლახან გამოაქვეყნა კვლევა. არსებობს მსოფლიო ბანკი, რომელსაც შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს ამ კვლევის საკითხებთან დაკავშირებით, ყველგან საქართველო მოწინავე პოზიციაზეა.
ახლახან გამოქვეყნდა მონაცემები მმართველობის სისტემასთან დაკავშირებით. აქაც, კანდიდატ ქვეყნებს შორის ასპარეზი საერთოდ არ განიხილება, პირველია საქართველო და ევროპის მასშტაბით მე-17 ადგილზეა. არის სხვა საკითხებიც, რომელზეც ხშირად გვისაუბრია, თუმცა ევროკავშირი კი რით სარგებლობს?! - ამ კვლევებით უნდა სარგებლობდეს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს ქუჩაში 150-მდე ახალგაზრდა დახვრიტეს, თუმცა მათ მიმრთ იმ პერიოდში არანაირი შენიშვნა არ ყოფილა.
„რა გამოდის? - მნიშვნელობა აქვს იმას, ვინ არის ხელისუფლების სათავეში. არიან ისეთები, რომლებსაც შეუძლიათ, ფრთიანი ფრაზა რომ გახდა, ცალ ფეხზე იდგნენ და მარიონეტებად ემსახურონ, თუ არის ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ითვალისწინებს მდგომარეობას და ქვეყნის გადარჩენა უნდა ამ ცეცხლისა და მახვილისგან, რაშიც დღეს უკრაინაა ჩაძირული რუსეთის ინტერვენციის შემდეგ?! რა წყაროთი უნდა ისარგებლონ, თუ არა გაეროს რეზოლუციით, ან ეუთოში განხილული საკითხებით“, - აღნიშნა ვოლსკიმ.