ირაკლი კობახიძე – ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი, შიგნით აქცია, გარეთ სანქცია – ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის
ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია – ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს გვარამიას იმ განცხადებაზე, სადაც ამბობს: „ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა“.
კობახიძის თქმით, ზუსტად ეს მიდგომა – ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის და ქვეყნის მიმართ.
„იცით, რომ საქმე აღძრულია ზუსტად ამ მიდგომასთან, მოღალატეობრივ მიდგომასთან დაკავშირებით, რაც არის, ფართო გაგებით, დანაშაულებრივი მიდგომა. ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, მაგრამ ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი. შიგნით აქცია, გარეთ სანქცია – ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რათა გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვის. ეს არის ძალიან მარტივი ლოგიკა, რომელსაც ეფუძნება მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი საქმიანობა. რა თქმა უნდა, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს. 2024-2025 წლებში ამას სათანადო პასუხი გასცა არჩევნებზე საზოგადოებამ, თუმცა ესეც არ არის საკმარისი.
იცით, რომ ჩვენ მომზადებული გვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ზუსტად ეს მიდგომა – ქვეყანაში აქცია, გარეთ სანქცია, ამყარებს იმ სარჩელს, რომელიც შეტანილია საკონსტიტუციო სასამართლოში. ეს არის ღია, მტრული დამოკიდებულება საკუთარი ხალხის, სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ და ამას სჭირდება სათანადო პასუხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საზოგადოებამ სათანადო პასუხს სცემს ყოველ ჯერზე ამ მიდგომას, თუმცა ამას სჭირდება სათანადო, სამართლებრივი პასუხიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.