არჩილ გორდულაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ვიდეოზე: მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში უფრო მეტი რუსი ეროვნების ადამიანი გავიდა საქართველოდან, ვიდრე შემოვიდა, ეს ერთი ტყუილი რაც გაავრცელეს და მეორე თითქოს მათ მოქალაქეობა ენიჭებათ რაიმე განსხვავებული და განსაკუთრებული წესით, რაც მტკნარი სიცრუეა, - განუცხადა ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან გავრცელებულ ვიდეოზე საუბრისას.
მისივე თქმით, კანონით გათვალისწინებულია მოქალაქეობის მინიჭების წესი, რომელიც ყველასთვის საერთოა.
„მათი მიზანია, რომ წააქეზონ რუსოფობია, შექმნან დაპირისპირება საქართველოში მაშინ, როდესაც მათივე ლიდერი ზუსტად 16 წლის წინ თვითონ იდგა ლარსზე, არიგებდა ფლაერებს და რუს ტურისტებს საქართველოში შემოუძღოდა. როგორც 2010 წელს იყო რუსეთი ოკუპანტი და როდესაც მიხეილ სააკაშვილი ცვლიდა უვიზო მიმოსვლას, როგორც ეთანხმებოდა რუსეთის ფედერაციის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, რადგან ასეთი იყო გარე მითითება, ახლა გარე მითითება შეიცვალა და მათ უნდა იბრძოლონ ყველაფრის წინააღმდეგ, რომელიც მათ დაჯგუფებას არ აწყობს და ყველაფერს უნდა დაუძახონ რუსული და ისევ შუღლი ჩამოაგდონ საზოგადოებაში“, - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა „ლარსის“ სასაზღვრო პუნქტიდან ვიდეო გაავრცელეს, სადაც აცხადებენ: „სწორედ აქედან შემოდის უკონტროლოდ უკონტროლოდ ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი. ისინი მოდიან ჩვენს ქვეყანაში და იღებენ მოქალაქეობას ძალიან მარტივად“.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, „ვრცელდება მანიპულაციური და დეზინფორმაციული ინფორმაცია იმის შეახებ, რომ ბოლო პერიოდში გაზრდილია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე მგზავრთა შემოდინების მაჩვენებელი. ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებას.“
ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში - 17-დან 24 აგვისტომდე პერიოდში, სასაზღვრო გამშვები პუნქტის „ლარსის“ გავლით საქართველოში შემოვიდა სხვადასხვა ქვეყნის 52 953 მოქალაქე და ქვეყნიდან გავიდა 61 691.