საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 19-26 სექტემბერს, თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიული თეატრში მსმენელის წინაშე წარდგებიან ფესტივალის დამაარსებელი, გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე, ვერიკო ჭუმბურიძე (ვიოლინო), დავით ხრიკული (ფორტეპიანო), საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, მთავარი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი და მოწვეული უცხოელი მუსიკოსები, დირიჟორი არიელ ცუკერმანი და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები.

ფესტივალის ფარგლებში, თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის გაიმართება მასტერკლასები. ჩატარდება „საუბრები მუსიკაზე“, რომელსაც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დირექტორი მარინა ჩიხლაძე გაუძღვება.

გაიმართება მხატვარ ანა კალატოზიშვილის გამოფენა, შეხვედრა რეჟისორ ლევან გაბრიაძესთან და მისი ფილმის „ჰარი-ჰარალე დედაო!“ ჩვენება, აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი „ივანე ჯავახიშვილი“, ლანა ღოღობერიძის ფილმი „დედა-შვილი ... ან ღამე არ არის არასოდეს ბოლომდე ბნელი“ და ნ. დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ბლეზი“.

ფესტივალი სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ფესტივალს არაერთი მხარდამჭერი ჰყავს. ფესტივალის პარტნიორია კომპანია მაგთიკომი.

ფესტივალის პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე.