საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა
B დივიზიონში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაასრულა. ჩვენმა გუნდმა ბოლო მატჩში ესტონეთი დაამარცხა – 92:81.
ამ მატჩში უნდა გადაწყვეტილიყო საქართველო ხუთგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილს დაიკავებდა, მეოთხეს თუ მეხუთეს. საქმე ის არის, რომ ქართველთა გამარჯვების შემთხვევაში სამი გუნდი, შვეიცარია, ესტონეთი და საქართველო მოგებების თანაბარ რაოდენობას დააგროვებდა. ნაკრებები ცხრილში ურთიერთშეხვედრებში მიღებულ-ჩაგდებული ქულებით გაინაწილებდნენ ადგილებს.
საბოლოოდ სამივეს თითო მოგება მოუგროვდა, შვეიცარიას ქულების შეფარდება +9 ჰქონდა, საქართველოს -2, ხოლო ესტონეთს -7. შესაბამისად, მესამეზე შვეიცარია გავიდა, მეოთხეზე – საქართველო, მეხუთეზე – ესტონეთი.
ქართველები ბრძოლას მეცხრე ადგილისთვის განაგრძობენ. უახლოეს მატჩს 17 ივლისს A ჯგუფის მესამეადგილოსანთან (ჯერ არ გარკვეულა) გამართავენ.
რაც შეეხება ესტონეთთან მატჩს 25 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო ამირან აროშიძე იყო, 17 – გოგიტა ბუკიას, 14 – ლუკა კოტლიარევსკის.