შალვა პაპუაშვილი ოპოზიციურ მედიას: ისტორია არ იცით, არ იცით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი? ეს არის სამარცხვინო დამოკიდებულება. რომ არა ჩვენი ძალისხმევა, დაბრუნებულიყო მტკიცებულებები, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ რუსეთს სამხედრო დანაშაულები აქვს ჩადენილი 2008 წელს
ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? მთავარი მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულებისა საერთოდ ქვეყნიდან გაიტანეს, „ისკანდერის“ ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი “ნაციონალურ მოძრაობას”, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.
მისივე თქმით, რომ არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ძალისხმევა, დაბრუნებულიყო მტკიცებულებები, წარდგენილიყო სასამართლოში, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ 2008 წელს რუსეთმა სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.
“ის, რომ გმირები - ჩვენი ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოსახლეობა - შეეწირა სააკაშვილის გაუაზრებელ, მარიონეტულ, მოღალატეობრივ ქცევას და დღეს რომ უნდათ გადაფარონ თარიღებით, რუსეთის ხსენება-არხსენებით და ასეთი თემებით, ზუსტად ისეთივე არასერიოზულია, როგორც 9 აგვისტოს ის ხორხოცი, რომელიც გამართული ჰქონდა საქართველოს მაშინდელ მარიონეტულ ხელისუფლებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ამ ომში საქართველო სააკაშვილმა შეიყვანა. საქართველომ ნგრევა მიიღო მისი დამსახურებით და დღეს ცდილობენ გმირების სახელს ამოეფარონ და შემოიტანონ თემები, რომელიც მთავარი საკითხი არ არის. მთავარი არის რატომ დაიწყო ომი”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოპოზიციური მედიის კითხვებს პაპუაშვილმა სამარცხვინო უწოდა.
“ისტორია არ იცით, ისტორია არ გისწავლიათ? არ იცით, რომ რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი? ეს არის სამარცხვინო დამოკიდებულება. თქვენმა პარტიამ უზრუნველყო ის, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ხორციელდება რუსეთის მხრიდან. ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? მთავარი მტკიცებულებები რუსეთის დანაშაულებისა საერთოდ ქვეყნიდან გაიტანეს, „ისკანდერის“ ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი “ნაციონალურ მოძრაობას”. სამხედრო ექსპერიმენტებისთვის სხვა ქვეყანას რომ გადასცეს, ჩვენ აქ სასამართლო პროცესები გვქონდა მოსაგები. რომ არა ჩვენი ძალისხმევა, რომ დაბრუნებულიყო ეს მტკიცებულებები, წარდგენილიყო სასამართლოში, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ რუსეთს სამხედრო დანაშაულები აქვს ჩადენილი 2008 წელს. აი, ეს არის სააკაშვილმა რა გააკეთა”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.