პრემიერ-მინისტრმა საჯარო სერვისების გაეროს ფორუმის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
ძლიერი ინსტიტუტები, ეფექტიანი მმართველობა და ხარისხიანი საჯარო სერვისები ქვეყნის მდგრადი განვითარების აუცილებელი პირობაა, ამ მიზნის გათვალისწინებით, საქართველო 2015 წლიდან, ევროპული საჯარო მმართველობის პრინციპების შესაბამისად, თანმიმდევრულად ახორციელებს საჯარო მმართველობის რეფორმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა გაეროს საჯარო სერვისების ფორუმის სტუმრებს საჯარო სერვისების საერთაშორისო დღე მიულოცა და საჯარო მოხელეებს, რომლებიც სახელმწიფოს პროფესიონალიზმით, პასუხისმგებლობითა და ერთგულებით ემსახურებიან, მადლობა გადაუხადა.
პრემიერ-მინისტრმა საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შედეგად დაასახელა იუსტიციის სახლების მოდელი და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს 127 იუსტიციის სახლი, სადაც მოქალაქეებს ერთ სივრცეში 500-ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისის მიღება შეუძლიათ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს 100-მდე სერვისს სთავაზობს.
„საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანაა, ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდავქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას. ამ კუთხით პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტზე, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.
„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს. ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით, 2025-2026 წლებში პირდაპირი ეკონომიისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონი ლარი შეადგინა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერაც.
მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკურ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება.
„ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ლი ჯუნჰუა.
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.