აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ერთი მოსმენით, 13 ხმით დაამტკიცა. კანონის პროექტი საკანონმდებლო ორგანოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.
კანონის პროექტი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის ცვლილება ძირითადად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროზეა ორიენტირებული და ონკოლოგიური, კარდიოლოგიური, ქირურგიული პროგრამების, ასევე მაღალი სიზუსტის კვლევების დაფინანსებას ითვალისწინებს. ამ მიზნით 10 მილიონ ლარზე მეტი ემატება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტი 97 000 000 მილიონი ლარით განისაზღვრება. შედეგად, 10 ათასზე მეტ მოქალაქეს საშუალება ექნება ისარგებლოს შესაბამისი სამედიცინო სერვისებით.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, საბიუჯეტო ცვლილება მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული. კანონის პროექტში გათვალისწინებულია რიგი პროგრამების მხარდაჭერა, მეციტრუსეთა და სატრანსპორტო სუბსიდირება. 500 ათასი ლარით იზრდება სარეზერვო ფონდი, რომელიც ასევე მოქალაქეთა საჭიროებებზე დაიხარჯება.
პროექტის თანახმად, 2026 წლის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი 1 002 000 000 ლარია. ბიუჯეტის პროექტის შემოსულობათა ჯამური მოცულობა უცვლელი რჩება. პირველ და მეორე კვარტალში საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულების ფონზე, გაიზარდა საგადასახადო შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 40 000,0 ათასი ლარით. აღნიშნული ცვლილება სხვა არაკლასიფიცირებულ შემოსავლებთან ერთად (2 000,0 ათასი ლარი), სრულად ბალანსდება არაფინანსური აქტივების კლების მუხლის შესაბამისი მოცულობის შემცირებით.
ედნარ ნატარიძის განცხადებით, 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 162 393 200 ლარი, განათლებისა და სპორტის სამინისტრო - 119 001 800 ლარი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 97 000 000, ლარი, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო - 40 939 600 ლარი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო - 52 000 000 ლარი.
ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრების გაცნობის შემდეგ, მინისტრმა უპასუხა კანონმდებელთა შეკითხვებს.
„ბიუჯეტის ცვლილებები მოსახლეობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით მომზადდა. კანონის პროექტი ითვალისწინებს ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსების გაძლიერებას, ტრანსპორტის სუბსიდირებას, ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობასა და სოფლის მეურნეობის პროგრამების მხარდაჭერას. მადლობას ვუხდი აჭარის მთავრობას წარმოდგენილი ინიციატივისთვის და კოლეგებს, რომლებმაც ბიუჯეტის განხილვის პროცესში, მათ შორის დასაბუთებული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირეს მიმდინარე წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას“, - აღნიშნა ცოტნე ანანიძემ.
სხდომას არ ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, თუმცა მათ რეგისტრაცია გაიარეს.
რიგგარეშე სხდომაზე იმყოფებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტები.
ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.