ნიკა გვარამია – ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის, თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად ან იქ არშესასვლელად, თუ იბრძვის ქვეყნისთვის
„ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ერთიანობაზე ვინც უარს ამბობს, საბოტაჟს უწყობს ოპოზიციის სტრატეგიას. ამის შესახებ გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ალტერნატივა. ის, ვინც ერთიანობაზე უარს ამბობს და კიდევ უფრო მეტად ის, ვინც პირდაპირ ღიად თუ ფარულად ებრძვის ნებისმიერ ერთიანობას, პირდაპირ თუ ირიბად ცდილობს, დაანაგრიოს ნებისმიერი გაერთიანება, საბოტაჟს უწყობს სამივე მიმართულებას.
ერთიანობა და ალტერნატივა არის მთავარი მოთხოვნა საზოგადოების და პროტესტის უმნიშვნელოვანესი წინაპირობა – ეს 26 მაისის აქციამაც აჩვენა. ხალხს სჭირდება იმის დანახვა, რომ პროტესტი პოლიტიკურად შეიძლება გადაითარგმნოს და პოლიტიკურმა სპექტრმა რეალურად შეცვალოს. ამ რწმენის გარეშე, პროტესტიც სუსტდება – იმედგაცრუება აპასიურებს.
ერთიანობა და ალტერნატივა უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია საერთაშორისო საზოგადოებისთვის რწმენის განმტკიცებისთვის, რომ ცვლილებები შესაძლებელია და სანქციებით უბრალოდ ვინმეს კი არ სჯიან, არამედ ქართველ ხალხს და დემოკრატიულ პოლიტიკურ სპექტრს უმარტივებენ ქვეყნის დასავლეთის გზაზე დაბრუნებას და დემოკრატიის აღდგენას.
ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რას აკეთებს, რა უნდა და რას აპირებს. ყველა უნდა დაფიქრდეს, რისთვის იბრძვის – პოლიტიკური თვითდამკვიდრებისთვის, ოპონენტების დასუსტებისთვის 2028 წლის არჩევნების წინ, ციხიდან გამოსასვლელად (ან იქ არ შესასვლელად), თუ იბრძვის ქვეყნისთვის და იბრძვის ბიძინას წინააღმდეგ. სიტყვების რახარუხი არაფერს არ ცვლის და ხშირად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან ძალიან ბევრ შემთხვევაში „ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს“, – წერს გვარამია.