ფინეთის პრეზიდენტი: გაფართოება ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტია, 2040 წლისთვის შესაძლოა, 40 წევრი გვყავდეს, მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს და კანდიდატებს, იაზროვნეთ მასშტაბურად

ფინეთის პრეზიდენტი: გაფართოება ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტია, 2040 წლისთვის შესაძლოა, 40 წევრი გვყავდეს, მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს და კანდიდატებს, იაზროვნეთ მასშტაბურად

გაფართოება ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტია, 2040 წლისთვის შესაძლოა, 40 წევრი გვყავდეს, მოვუწოდებ წევრ სახელმწიფოებს და კანდიდატებს, იაზროვნეთ მასშტაბურად, - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა გაფართოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

სტუბის შეფასებით, დღევანდელ არაპროგნოზირებად და დიდი სახელმწიფოების კონკურენციის სამყაროში გაფართოება არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ სტრატეგიული და გეოპოლიტიკური არჩევანია.

„გაფართოება არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ ტექნიკურ პროცესად. ეს არის სტრატეგიული და გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი. დიახ, ძალა ზომაშია. რაც უფრო დიდია ევროკავშირი, მით მეტი გლობალური გავლენის პროეცირება შეგვიძლია. წარმოიდგინეთ ევროკავშირი, ვთქვათ, 2040 წელს ორმოცი წევრი სახელმწიფოთი, რაც მსოფლიოს ქვეყნების ოცი პროცენტია. აი, ეს არის ძალა“, – აღნიშნა სტუბმა.

ფინეთის პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მომავალს.

უკრაინისა და მოლდოვის ადგილი ევროპაშია და იცით რა? რუსეთის სტრატეგიული მიზანი თუ იყო უკრაინისთვის ევროპისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვა, ან უკრაინისა და მოლდოვის გარუსება, ზუსტად საპირისპირო რამ მოხდება. თქვენ ევროპელები ხართ და გახდებით ევროკავშირის წევრები. უკრაინა არა მხოლოდ საკუთარ დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას იცავს, არამედ იმ პრინციპებსაც, რომლებსაც ევროპული უსაფრთხოება ეფუძნება. თქვენ ჩვენი უსაფრთხოების გარანტი ხართ“, - აღნიშნა სტუბმა.

მისი თქმით, კანდიდატ ქვეყნებს სრულ წევრობამდეც უნდა ჰქონდეთ წვდომა ერთიანი ბაზრის ნაწილებზე, ევროკავშირის პროგრამებსა და სამიტებზე, რაც არა სრული წევრობის შემცვლელი, არამედ მისი დამაჩქარებელი იქნება.

„ევროპამ გაიღვიძა. ევროპა ხელახლა იარაღდება. ევროპა გეოპოლიტიკურ აქტორად იქცა. ჩვენ გვჭირდება ხედვა და თავდაჯერებულობა, რომელიც ამ რეალობას შეესაბამება. მოვუწოდებ, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, ისე კანდიდატ ქვეყნებს, იაზროვნეთ მასშტაბურად“, – აღნიშნა სტუბმა.