ევროკავშირი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას

ევროკავშირი უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას

ევროკომისიის მთავარმა პრესმდივანმა, პაულა პინიომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მონაწილეობას მიიღებს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდში.

„მზად ვართ გადავიდეთ განხილვების მრავალმხრივ ფორმატზე. მოლაპარაკებების ჩატარების კონკრეტული ადგილები არ განხილულა, ამიტომ ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შევუერთდეთ მრავალმხრივ დონეზე“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ მოლაპარაკებებზე ევროკავშირს წარმოადგენს გუნდი, რომელიც „ევროპული ხუთეულის“ (E5) და ევროკავშირის ორი ინსტიტუტის წარმომადგენლებისგან შედგება .

პინიომ ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების სხვა მხარეებიც „წარმოდგენილნი არიან ერთზე მეტი პირით“.

„ახლა ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ მოლაპარაკებების შინაარსზე და ძირითადად ორ მთავარ მიმართულებაზე ვამახვილებთ ყურადღებას: უსაფრთხოების გარანტიებზე, სადაც მიზანია საიმედო და იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიების ქონა, და ასევე ომისშემდგომი კეთილდღეობის პაკეტზე, იმ სამუშაოზე დაყრდნობით, რომელიც ამ კუთხით უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს“, - აღნიშნა პინიომ.

მან არ უპასუხა დამაზუსტებელ კითხვას იმის შესახებ, თუ ვინ წარმოადგენს ევროპას მოლაპარაკებების მაგიდასთან სახელმწიფოთა ლიდერების დონეზე, როდესაც მაგიდასთან ევროპელებისთვის მხოლოდ ერთი სავარძელი დარჩება.

13 ნოემბერს დუბლინში გამართულ არაფორმალურ სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპის წარმომადგენლობის ფორმატი შეათანხმეს. ევროპულ მომლაპარაკებელთა გუნდში შევლენ ევროკავშირის ინსტიტუტებისა და E5-ის ქვეყნების - გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის წარმომადგენლები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები (ან მათი წარმომადგენლები).