რუსთავში მთავარი ეკოლოგიური რესურსის, ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა

რუსთავში მთავარი ეკოლოგიური რესურსის, ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა

რუსთავში, ქალაქის მთავარი ეკოლოგიური რესურსის - ჭალის ტყეების აღდგენა-განაშენიანების პირველი ეტაპი დაიხურა.

უპრეცედენტო მასშტაბის ეკოლოგიურ პროექტს, რუსთავის მერია და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, წინასწარ შემუშავებული სტრატეგიული დოკუმენტის მიხედვით ახორციელებენ.

პროექტი 320 ჰექტარ ფართობზე ბუნებრივი ტყის აღდგენას ითვალისწინებს. პირველ ეტაპზე, 10 000 ძირი ენდემური ხე-მცენარის დარგვაა განსაზღვრული. მიმდინარე წლის გაზაფხულზე, 4000 ძირი ხე-მცენარე უკვე დაირგო. დარგვის პროცესი შემოდგომიდან გაგრძელდება. 

ჭალის ტყეში უკვე შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ წარადგინა.

ღონისძიებას რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში ილია ჯალაღანია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი და ის რუსთაველები დაესწრნენ, რომლებმაც პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს. 

ბოლო ათწლეულების ერთ-ერთ მასშტაბურ გარემოსდაცვით ინიციატივაში, რუსთავის მერიის მიერ ორგანიზებული მოხალისეობრივი კამპანიის - "გააგრძელე ჭალის ტყის ისტორია" ფარგლებში, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: მსახიობები, სპორტსმენები, სტუდენტები, ბიზნესმენები და მოსწავლეები, ჯამში 3500-მდე რუსთაველი იყო ჩართული. 

დარგვის პროცესის დაწყებამდე, ჭალის ტყის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა.

პროექტის მომდევნო ეტაპებზე, ანტისეპტიკის სისტემის და სარწყავი ქსელის მოწყობაა განსაზღვრული. დამონტაჟდება ვიდეოკამერები და სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. მოეწყობა დასასვენებელი და ტურისტულ-საპიკნიკე ინფრასტრუქტურა.

ჭალის ტყის აღდგენა-განაშენიანება პირველი პროექტია, რომელიც გარემოზე მიყენებული ზიანის შედეგად აკუმულირებული თანხით, გარემოს დაცვის ფონდიდან დაფინანსდა.

რუსთავის ჭალის ტყეები, მტკვრის ორივე ნაპირზე საკმაოდ დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და უმნიშვნელოვანესი ეკოლოგიურ რესურსია არა მარტო რუსთავისთვის, არამედ თბილისის აგლომერაციის და სხვა ქალაქებისთვისაც.