მაჭარაშვილი: ეს არის სწორედ მონური აზროვნება როდესაც ფიქრობ, რომ შენს ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსი არ არსებობს, სუვერენიტეტი არ გაქვს და თავმოყვარე არ ხარ. ამას ვედავებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“, ახლა კი „ლელო“ ამბობს, რომ სტრატეგიული ობიექტი, სხვას უნდა გადავცეთ. ამ ხალხზე ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ ისინი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ წარმომადგენლების მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, სტრატეგიული ობიექტის საკუთრებისა და მართვის უცხო ქვეყნისთვის გადაცემის იდეა საქართველოს სუვერენიტეტისა და შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას გამოხატავს.
მაჭარაშვილის განცხადებით, მსგავსი მიდგომა იმავე პოლიტიკის გაგრძელებაა, რასაც, მისი შეფასებით, წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებდა.
„ლელოს“ წარმომადგენელი ორი დღის წინ გამოვიდა და ანაკლიის პორტზე ისაუბრა. საკუთარ თავს „ტოპ ტვინებს“ უწოდებენ და თავის გონებაში დაასკვნა, რომ თურმე საქართველოს არ აქვს იმდენი შესაძლებლობა, სტრატეგიული ობიექტი ააშენოს და, მით უმეტეს, თავად მართოს. ამით საკუთარ საზოგადოებასა და ამომრჩეველს შეურაცხყოფას აყენებს.
ისინი ამბობენ, რომ ამ პორტის 100%-იანი წილის მესაკუთრე საქართველო არ უნდა იყოს, სტრატეგიული ობიექტი მეზობელ ქვეყნებს უნდა გავუნაწილოთ და მისი მართვა უცხო ძალებს გადავცეთ. ანუ საკუთრებაშიც უნდა შემოვიყვანოთ მეზობელი ქვეყნები და მართვაც უცხო სახელმწიფოს გადავაბაროთ.
ეს არის სწორედ მონური აზროვნება — როდესაც ფიქრობ, რომ შენს ქვეყანაში ინტელექტუალური რესურსი არ არსებობს, სუვერენიტეტი არ გაქვს და თავმოყვარე არ ხარ.
ერთი ქვეყანა დამისახელეთ, რომელიც იტყვის, რომ სტრატეგიული ობიექტი მეზობლებს უნდა გაუნაწილოს და შემდეგ მისი მართვა უცხო ქვეყანას გადააბაროს.
ამას ვედავებოდით „ნაციონალურ მოძრაობას“. დღემდე ყველა ოპოზიციონერი, მათ შორის „ლელო“, ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის, მაგრამ ზუსტად იმავეს აკეთებენ. მაშინ ვაკრიტიკებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სტრატეგიული ობიექტი ოკუპანტ ქვეყანას გადასცა, ახლა კი „ლელო“ ამბობს, რომ სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ვაშენებთ, სხვას უნდა გადავცეთ; ჩვენ არ უნდა ვიყოთ მისი მესაკუთრე და, მით უმეტეს, მისი მმართველი.
სწორედ ამ ხალხზე ამბობს ევროკავშირის ელჩი, რომ ისინი უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და კოალიციურად მართონ ქვეყანა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.